დიდი გეტსბი, 1984, ლოლიტა, მექანიკური ფორთოხალი, ულისე, თამაში ჭვავის ყანაში, გზაზე, ბუზთა ბატონი, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ბეჭდების მბრძანებელი – ყველა ეს წიგნი უკვე კლასიკაა და დიდი შანსია, რომელიმე მათგანი (თუ ყველა არა) წაკითხული გქონდეთ და გიყვარდეთ. ადამიანებს მოსწონთ, როცა უკვე “შემოწმებულ” და აღიარებულ წიგნებს კითხულობენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ერთ დროს ეს წიგნებიც თანამედროვე ლიტერატურა იყო და მაშინ კლასიკას სხვა ნაწარმოებებს უწოდებდნენ.

თუ ახალ საკითხავს ეძებთ, გთავაზობთ იმ თანამედროვე წიგნებს, რომლებიც სულ მალე კლასიკის ნაწილად იქცევიან.

1. ოთახი – ემა დონაჰიუ

ფოტო: Youtube

5 წლის ჯეკისთვის მთელი სამყარო ერთი ოთახია. ეს არის ადგილი, სადაც დაიბადა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს. ეს ოთახი ჯეკისთვის სახლია, ხოლო დედამისისთვის – ციხე, რომელშიც მანიაკმა ის 7 წლის წინ გამოკეტა. დედამ ჯეკს ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამ ოთხი კედლიდან გაქცევის გარეშე ჯეკს ვერ ექნება ცხოვრება, რომელსაც იმსახურებს.

2010 წელს გამოცემული ეს წიგნი მალევე გახდა ბესტსელერი, 2015 წელს კი მისი ეკრანიზაცია გამოვიდა. თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ, გირჩევთ, ჯერ წიგნი წაიკითხოთ. ბავშვური ნარატივი და საინტერესო სიუჟეტი აუცილებლად ჩაგითრევთ.

2. ოსკარ ვაოს ხანმოკლე საოცარი ცხოვრება – ჯუნო დიაზი

ფოტო: Tashaguenther / WordPress

ოსკარ ვაო ამერიკაში მცხოვრები დომენიკელი მოზარდია. ყველაზე მეტად კომიქსები და Sci-Fi წიგნები უყვარს. მძიმე წონისა და სიმორცხვის გამო გოგონებთან ურთიერთობა უჭირს და ეშინია, რომ ვაჟიშვილი მოკვდება.

სინამდვილეში კი ეს წიგნი მხოლოდ მასზე არაა. სიუჟეტი ამერიკაში იწყება და დომენიკის რესპუბლიკაში გრძელდება. რიგითი ადამიანის ცხოვრებაზე დაკვირვების პარალელურად ჩვენ ვხედავთ, როგორია ცხოვრება დიქტატორის, რაფაელ ტრუხილოს რეჟიმში. მსუბუქი ამბების მიღმა რთული სოციალური პრობლემები იმალება. ოსკარ ვაოს ხანმოკლე და საოცარმა ცხოვრებამ 2008 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა.

3. ამერიკანა – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

ფოტო: PennState

ამ წიგნის ავტორს, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის შეიძლება სულ სხვა კუთხით იცნობდეთ. მის გამოსვლას TEDx-ზე, ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თუმცა, არაჩვეულებრივი ორატორის გარდა, ეს ქალი ერთ-ერთი გამორჩეული ხმაცაა თანამედროვე ლიტერატურაში.

ნიგერიის სამხედრო მმართველობის დასრულებისა და პოლიტიკური არეულობის ფონზე ნიგერიელი ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამერიკაში გააგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა საოცნებო ქვეყანაში მოხვედრა, მუშაობა, არალეგალურად ყოფნა ძალიან რთულია. წიგნის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ნიგერიელი ქალი ბევრი განსაცდელის შემდეგ მართლაც აღწევს წარმატებას. მის ბლოგს, რომელიც რასობრივ საკითხებს შეეხება, უამრავი მკითხველი ჰყავს. მისი შეყვარებული კი იელის პროფესორია და უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს. იფემელუ საინტერესო მეგობრებით არის გარშემორტყმული, რომლებიც მის მსგავსად, ობამას გულშემატკივრობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა ამ ახალ ამერიკულ ცხოვრებაში არის რაღაც “შემაწუხებელი”. ეს ცხოვრება მისი არაა. იფემელუ გიჟურ ნაბიჯს დგამს და უკან, ნიგერიაში ბრუნდება ძველი სიყვარულის სანახავად, რომელსაც ახლა უკვე ცოლი და შვილი ჰყავს.

მარტივი საკითხავი, რომელიც დიდი ხნით შეგიპყრობთ – ასეთია ამერიკანა. თანაც, თბილისთან და საქართველოსთანაც მარტივად გაავლებთ პარალელებს. თურმე ჩვენ და ნიგერიელებს მსგავსი წარმოდგენები გვქონია წარმატებაზე, სიყვარულზე, სექსსა და რელიგიაზე. ვინ იფიქრებდა!

4. საშუალო სქესი – ჯეფრი იუჯინიდისი

ფოტო: dreamtopage.com

ჯეფრი იუჯინიდისი ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერალია. სწორედ მისი წიგნის მიხედვითაა გადაღებული სოფია კოპოლას გახმაურებული ფილმი თვითმკვლელი ქალწულები. თუმცა მწერალს ნამდვილი აღიარება 2002 წელს დაწერილმა საშუალო სქესმა მოუტანა.

წიგნის მთავარი გმირი ორჯერ დაიბადა: პირველად, როგორც პატარა გოგონა, 1960-იანი წლების დეტროიტში, მეორედ კი – როგორც ბიჭი, მიჩიგანში. დაბადების მოწმობაში კალიოპე სტეფანიდისი უწერია, თუმცა მოგვიანებით აღებულ საბუთებში მას უბრალოდ კალი ჰქვია. წიგნი სტეფანიდისების სამი თაობის ამბავს გვიყვება. ამბავი საბერძნეთის პატარა სოფლიდან იწყება და 1960-იანი წლების ამერიკით გრძელდება. იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ გახდა კალიოპე კალი, ჩვენ მუტირებული გენის ისტორიას მივყვებით და ოჯახის საიდუმლოს გარკვევას მთავარ გმირთან ერთად ვცდილობთ. გენეტიკა, ოჯახი, გენდერული როლები და საკუთარი თავის ძიება – ამ თემებს ეხება რომანი, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა.

5. სრული გასხივოსნება – ჯონათან საფრან ფოერი

ფოტო: Lindsay anne

ახალგაზრდა ამერიკელი ებრაელი უკრაინაში საკუთარი ფესვების გასარკვევად ჩადის. რუკებით, სიგარეტითა და ფოტოებით შეიარაღებული ჯონათანი ეძებს ქალს, რომელმაც ბაბუამისი ნაცისტებისგან იხსნა. მას თარჯიმნობას უკრაინელი ალექსი უწევს, რომელიც ამერიკულ პოპ-კულტურაზე გიჟდება და უცნაური ინგლისურით საუბრობს. ისინი ერთად ცდილობენ, დაადგინონ, სად მდებარეობდა აწ უკვე გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდი და ამ მოგზაურობაში მკითხველსაც ითრევენ.

უცნაური და სასაცილო ენით მოთხრობილ ამ რომანს ამერიკული ლიტერატურის ლეგენდამ, ჯონ აპდაიკმა გამაოგნებელი წიგნი უწოდა. სრული გასხივოსნებაქართულ ენაზე დიოგენეს სერიის, ამერიკელების ფარგლებში გამოიცა.

6. რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები – მარკ ჰედონი

ფოტო: curiousonbroadway.com

15 წლის კრისტოფერ ბუნმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი და ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე. მას შეუძლია ამოხსნას ურთულესი ლოგარითმები და ერთმანეთზე გადაამრავლოს მრავალნიშნა რიცხვები, მაგრამ არ შეუძლია ადამიანების “წაკითხვა”. ერთ ღამეს კრისტოფერი მეზობლის ძაღლს მკვდარს პოულობს და იწყებს გამოძიებას, რომლის დროსაც ბიჭი უამრავ სიძნელეს გადაიტანს და სამყაროს სისასტიკეს აღმოაჩენს. რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები ბრიტანელი მწერლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია.

ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს გარდიანის პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს. ქართულად ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

7. შესწორებები – ჯონათან ფრანზენი

ფოტო: justjoywriting.com

2001 წელს დაწერილი ეს რომანი ჩახლართული და საინტერესო საკითხავია. ლამბერტების ოჯახის წევრებს საკუთარი პრობლემები და გამოწვევები აქვთ. ისინი გამუდმებით უშვებენ შეცდომებს და ნერვიულობენ მომავალზე, რომელიც უკვე დადგა. მოვლენები ათასწლეულის მიჯნაზე ვითარდება, სწორედ მაშინ, როცა ოცდამეერთე საუკუნის დადგომა მსოფლიოს მეორედ მოსვლად ესახებოდა. მწერალი მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მოგზაურობს და თითოეული გმირის პერსონალურ ზრდასა თუ დაცემას გვიჩვენებს.

წიგნმა გამოცემისთანავე მოიპოვა ამერიკის ეროვნული პრემია, ხოლო რამდენიმე ლიტერატურულმა გამოცემამ მას 21-ე საუკუნის უდიდესი რომანი უწოდა. თუ გიყვართ მწერლები, რომლებიც საკუთარ პერსონაჟებს დეტალურად, შიგნიდან აცნობენ მკითხველს, ჯონათან ფრანზენის თხრობა აუცილებლად მოგეწონებათ.

8. გზა – კორმაკ მაკარტი

ფოტო: macrolit / Tumblr

კორმაკ მაკარტის გზა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია პოსტაპოკალიპტურ თემაზე. მამა და შვილი აპოკალიფსიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნანგრევებად ქცეულ ამერიკაში მოგზაურობენ. სიცივე, რომელიც უკვე ყოველდღიური რეალობის ნაწილად იქცა, ძვლებში ატანს და ციდან წამოსული თოვლი ნაცრისფერია. გარშემო კანიბალები და კრიმინალთა ბანდები დაძრწიან. ნადირობა საჭმლისა და საწვავისთვის ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს სცილდება. მოხეტიალეები ოკეანისკენ მიემართებიან, მაგრამ ისიც არ იციან, რას უნდა ელოდონ იქ. მამა ცდილობს, შვილი სასტიკ სამყაროში არსებობისთვის მოამზადოს, მაგრამ ამავდროულად ადამიანებისადმი რწმენა არ დააკარგვინოს.

რომანმა 2007 წელს პულიცერის პრემია მიიღო. 2009 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ჯონ ჰილკოტმა ფილმი გადაიღო.

9. მინის სასახლე – ჯანეტ ვოლსი

ფოტო: jeannettewallsblog

ჯანეტ ვოლსის მემუარები 2005 წელს გამოვიდა და სრული 261 კვირა დაჰყო ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერების სიაში. 2007 წლისთვის ამ წიგნის 2.7 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული და მას უკვე 22 ქვეყანაში კითხულობდნენ. წიგნის წარმატების საიდუმლო მის შემაძრწუნებელ რეალობაშია.

წიგნის შინაარსი ასეთია: როზმარი ველსი მხატვარი და მწერალია, მისი ქმარი რექსი კი ყურადღებიანი მამაა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა არ სვამს. ისინი ერთად ზრდიან ოთხ ბავშვს. ოჯახი დროდადრო ეფლობა ვალებში და ამის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის. როზმარის მსუბუქი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი თანდათან სასოწარკვეთით იცვლება, რექსი კი ხანგრძლივი პერიოდებით იკარგება სახლიდან. უამრავი სირთულის გადატანის შემდეგ ჯანეტი, მისი ძმა და დები ახერხებენ დატოვონ სახლი და დისფუნქციური ოჯახის ტვირთს გადააბიჯონ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯანეტ ვოლსი, რომელიც მხოლოდ ავტორი კი არა, მოვლენების მონაწილეა, კეთილგონიერებას არასდროს კარგავს. ამ საოცრად ინტელექტუალურ ნაწარმოებში მკითხველს შეუძლია ზუსტად ჩაწვდეს მოვლენების არსს და ამბის ყველა მხარე დაინახოს.

10. ათასი მოელვარე მზე – ხალედ ჰოსეინი

ფოტო: Lydia Thompson

ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ხალედ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა. ფრანით მორბენალმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ათასი მოელვარე მზეკი ავტორის მეორე, არანაკლებ წარმატებული რომანია. ესაა წიგნი უფლებაწართმეულ ქალებზე, ოჯახურ ძალადობაზე, სისასტიკის ყოველდღიურობაზე და ქვეყანაზე, რომელსაც ყველა შესაძლო ქარტეხილი დაატყდა თავს.

წიგნი ორ ქალზე მოგვითხრობს: მარიამი უკანონო შვილია, რაც ავღანური საზოგადოებისთვის მიუტევებელი ცოდვაა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ათხოვებენ თავისზე ბევრად უფროს მამაკაცზე და ძალადობისთვის სწირავენ. ლაილა მარიამზე ახალგაზრდა, განათლებული და მიზანდასახულია, მაგრამ მისი ოცნებებიც აუხდენელი რჩება. ლაილა და მარიამი ერთი და იმავე მოძალადე კაცის ცოლები ხდებიან. ეს არის ისტორია ქალებზე, რომლებიც თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის იბრძვიან.

შეჯამება

სასიამოვნო ამბავია, რომ ამ ათეულიდან რამდენიმე წიგნი უკვე ნათარგმნია ქართულად, რამდენიმეც – სწორედ ახლა ითარგმნება. ზოგიერთი მნიშვნელოვანი რომანი ათეულში ვერ მოვახვედრე, მაგრამ მათ ჩემს გულში მოწინავე ადგილები უკავიათ (ვერნონ გენიოს ლითლიქლაუდ ატლასი, ამერიკელი ღმერთები). ხალედ ჰოსეინისა და ჯონათან საფრან ფოერის შემთხვევაში კი ამ ორივე ავტორის ორი კარგი წიგნიდან მომიხდა არჩევანის გაკეთება. ვეცადე, სია მრავალფეროვანი ყოფილიყო.

რომელ წიგნს დაამატებდით თქვენ? დაწერეთ კომენტარში